საქართველოს კანონი
გარემოს დაცვის შესახებ
კარი I
ზოგადი ნაწილი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი
ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და
ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს
შორის გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში (შემდგომ „გარემოს დაცვაში“) საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით.
მუხლი 2. კანონმდებლობის სისტემა გარემოს დაცვის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) განსაზღვროს გარემოს დაცვის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპები და ნორმები;
ბ) დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი
უფლებები _ ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და
კულტურული გარემოთი;
გ) უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების
შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;
დ) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ქვეყნისთვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის
იშვიათი, ენდემური, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებას, ზღვის გარემოს დაცვას
და ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფას;
ე) შეინარჩუნოს და დაიცვას თვითმყოფადი ლანდშაფტები და ეკოსისტემები;
ვ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს დაცვის სფეროში საერთო გლობალური და რეგიონალური
პრობლემების გადაჭრა;
ზ) უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობები.
2. კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) დაიცვას და შეინარჩუნოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემო;
ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა;
გ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
დ) უზრუნველყოს საზოგადოების ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების ოპტიმალური
ურთიერთშეთანაწყობა (ჰარმონიული შეხამება);
ე) სამართლებრივად უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მართვა გარემოს პოტენციური
შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2383 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.132
მუხლი 4. ძირითადი ცნებების განმარტებანი
ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვთ
შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „გარემო“ _ ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს
ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ,
შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენულ
ლანდშაფტებს;
ბ) „ბუნებრივი გარემო“ _ გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში
მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს;
გ) „ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო“ _ გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს,
ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ
ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
დ) „გარემოს დაცვა“ _ ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და
საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი
წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას;
დ1
) გარემოს დაცვის სფერო − ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების
დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების რეგულირების, ქიმიური
უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფერო;
ე) „ბუნებრივი რესურსები“ _ ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები;
ვ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა” _ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
რეგულირება, აღრიცხვა, ლიცენზირება, ზედამხედველობა და კონტროლი;
ზ) „საქმიანობა“ – „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული,
ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა;
თ) „საქმიანობის სუბიექტი“ _ საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
თ1
) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი,
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი (მათ
შორის, საქმიანობის სუბიექტი), სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო,
რომელზედაც ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს
კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული
გარემოსდაცვითი მოთხოვნები;
ი) „დაცული ტერიტორია“ _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ
გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული
მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება
გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი
ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და
ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად,
მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის
განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად;
კ) „მდგრადი განვითარება“ _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების
ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის
ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას _ ისარგებლონ შეუქცევადი
რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და
გარემოთი;
ლ) „მდგრადი განვითარების პრინციპები“ _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის
(United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და
განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _
დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ
არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში;
მ) „გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა“ _ გარემოს დაბინძურების
რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს
ძირითადი კომპონენტების _ მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ
(კომპლექსურ) კონტროლს;
ნ) „საუკეთესო ტექნოლოგია“ _ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და
ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე
ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ
იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური
თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების
ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს,
ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის;
ო) „საუკეთესო ტექნიკა“ _ საუკეთესო ტექნოლოგია და მისი მართვის, ორგანიზაციის, ზედამხედველობის,
კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები;
პ) „ბიომრავალფეროვნება“ _ ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის
ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში,
სახეობათა შორის და ეკოსისტემებში;
ჟ) „სამეურნეო ობიექტი“ _ საქმიანობის ობიექტი;
რ) „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია“ _ ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან
რესურსთდამზოგველი და საუკეთესო ტექნოლოგიითა და ტექნიკით წარმოებული პროდუქცია;
http://www.matsne.gov.ge 360.000.000.05.001.000.184
ს) „უფრო სუფთა წარმოება“ _ საწარმოო პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება ინტეგრირებული
გარემოსდაცვითი პოლიტიკის უწყვეტი გამოყენება;
ტ) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
უ) „გარემოს დაცვის სამენეჯმენტო სისტემა“ _ საქმიანობის ობიექტის მართვის სისტემისა და ბიზნეს-
სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან პირდაპირ ან
არაპირდაპირ დაკავშირებულ, ობიექტის ფუნქციონირების ყველა ასპექტს (გარემოს დაცვის სამენეჯმენტო
გეგმის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ორგანიზაციისა და კადრების, გარემოს დაცვის ნორმების რეესტრის
ჩათვლით);
ფ) (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4398 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კანონი №680 – ვებგვერდი, 18.06.2013წ.
მუხლი 5. გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები
1. საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური
და იურიდიული (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირები
ვალდებული არიან იხელმძღვანელონ გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით.
2. გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებია:
ა) „რისკის შემცირების პრინციპი“ _ საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის დაგეგმვისა და
განხორციელებისას ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე
ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად;
ბ) „მდგრადობის პრინციპი“ _ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება, როდესაც საშიშროება არ
ექმნება საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან;
გ) „პრიორიტეტულობის პრინციპი“ _ ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა
გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო
ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება
ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის ანაზღაურების ხარჯებს;
დ) „ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპი“ _ საქმიანობის სუბიექტისათვის მიწის, წყლის, ტყის,
ფლორისა და ფაუნის, წიაღისა და წიაღისეული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ფასიანია;
ე) პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“ _ საქმიანობის სუბიექტის, ასევე სხვა ფიზიკური და იურიდიული
პირის ვალდებულება აანაზღაუროს გარემოსათვის მიყენებული ზარალი;
ვ) „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების პრინციპი“ _ საქმიანობა არ უნდა იწვევდეს
ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას;
ზ) „ნარჩენების მინიმიზაციის პრინციპი“ _ საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ისეთ
ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების მინიმიზაციას;
თ) „რეციკლირების პრინციპი“ _ საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ხელმეორედ
გამოყენებად ან გადამუშავებად, ბიოლოგიურად დეგრადირებად ან გარემოსათვის უვნებლად დაშლად
ნივთიერებებს, მასალებს და ქიმიურ ნაერთებს;
ი) „რესტიტუციის პრინციპი“ _ საქმიანობის განხორციელების შედეგად დეგრადირებული გარემო
აღდგენილი უნდა იყოს პირვანდელ (რესტიტუტიო ინ ინტეგრუმ) მდგომარეობასთან მაქსიმალურად
მიახლოებული სახით;
კ) „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპი“ _ საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის
პროექტირების ან დაგეგმვის დროს ვალდებულია გაითვალისწინოს და შეაფასოს ამ საქმიანობის შესაძლო
ზემოქმედება გარემოზე კანონით დადგენილი წესით;
ლ) „გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის პრინციპი“ _
უზრუნველყოფილია საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების
მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობა;
მ) „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი“ _ ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ღია და
ხელმისაწვდომია საზოგადოებრიობისათვის.
No comments:
Post a Comment